უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა, არონ ორბანი ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს. თავად ვიქტორ ორბანმა მომხდარს ქვეყნის ახალი მთავრობის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
როგორც უნგრული მედია იუწყება, 9 ნოემბერს პოლიციის ეროვნული საგამოძიებო ბიუროსა (NNI) და აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს (NVVH) თანამშრომლებმა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
პოლიციის ინფორმაციით, ბუდაპეშტსა და პეშტის ოლქის ორ დასახლებაში რამდენიმე პირი დააკავეს, ასევე ჩატარდა ჩხრეკები. უწყების განცხადებით, საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი დააკავეს.
გამოცემა Telex-ის ცნობით, 9 ნოემბრის დილას აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს თანამშრომლები ფუტლიგეტში მდებარე იმ სახლთან მივიდნენ, რომელიც არონ ორბანთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის.
ვიქტორ ორბანი ძმის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომხდარი ახალი მთავრობის მხრიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა.
ამ დროისთვის პოლიციას დაკავებულთა ვინაობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სრულად არ გაუვრცელებია და არც არონ ორბანის წინააღმდეგ წარდგენილი კონკრეტული ბრალდების დეტალები დაუზუსტებია.
უნგრეთის აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს (NVVH) ხელმძღვანელმა ანა უნგერმა გამოცემა Telex-თან არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია არონ ორბანთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ. თუმცა აღნიშნა, რომ უწყებამ ამ საქმეზე „დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა“ და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკურ წრეებთან მჭიდროდ დაკავშირებული ჯგუფი ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით ბინადრობის ნებართვებისა და საჭირო ვიზების მიღებას უზრუნველყოფდა.
Telex-მა ორი წლის წინ პირველად გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც, გამოცემის შეფასებით, ადასტურებდა, რომ უნგრეთში უცხოელი მუშახელის დასაქმების მსურველები არონ ორბანის სამთავრობო კავშირებს ეყრდნობოდნენ.
იმ პერიოდში უცხოელი მუშახელის დასაქმების პროცესი გართულებული იყო, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული კვოტები ქვეყანაში უცხოელთა რაოდენობას ზღუდავდა, ხოლო ხელისუფლება მკაცრად განსაზღვრავდა იმ სააგენტოებს, რომლებსაც უცხოელი მუშახელის დასაქმების უფლება ჰქონდათ.
მედიის მაშინდელი ცნობებით, არონ ორბანი და მისი კომპანია Multi Shoot აქტიურად მონაწილეობდნენ სავიზო საკითხების მოგვარებაში.
ვიქტორ ორბანი ძმის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ძმის დაკავებას ახალი მთავრობის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
„დღეს მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით პასუხი უნდა გასცეს. ეს „გათვლა“ მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. ის, რაც უნგრეთში ხდება, პასუხისმგებლობის დაკისრება კი არა, ანგარიშსწორებაა“, – განაცხადა ორბანმა.
მისი მტკიცებით, ახალი მთავრობა ამ გზით პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებასა და ერთპარტიული სისტემის დამყარებას ცდილობს.
„მე ვარ მთავარი სამიზნე, ჩემი ძმა კი მხოლოდ პაიკია“, - დასძინა უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.