კახეთში ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც კახეთის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, რეგიონში ყველაზე უხვი ნალექი თელავში მოვიდა, რის გამოც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და შესაბამისი სამუშაოები ტარდება და გზების გაწმენდის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება.
მთელი ღამე ინტენსიურად თოვდა თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზეც. უღელტეხილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებიანი ავტომანქანებისთვის. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
მცირედი შეზღუდვებია მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელ გზებზეც, სადაც უხვი ნალექისა და ყინვის გამო ცალკეულ ადგილებზე ლიპყინულია.