პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მისი ტელევიზია „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 13 იანვარს, თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ ისინი ითხოვენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.
„მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩვენს დედა ეკლესიას ექცევა იმ ფორმებით, რომლებიც გადავიდა ზღვარს. ბევრი ამბობს, თურმე ჩვენ შეიძლება, მშვიდობას ვურევთ, სინამდვილეში, ერთადერთი, რისთვისაც ხალხი იბრძვის, არის მშვიდობა.
რაც შეეხება ნატა ფერაძეს, აბსტრაქტულად არ გეუბნებით, მაგას სახელმწიფო მიხედავს ან კონკრეტულად ჩვენ მივხედავთ. ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება. არ შეიძლება, ეგეთი რაღაც გატარდეს“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
აქციაზე იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ის, ვინც წმინდანს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ყველამ უნდა აგოს პასუხი. თუ დროშის დაწვის გამო კაცს აპატიმრებ, ესენი სამმაგი და ხუთმაგი სასჯელით უნდა იყვნენ დასჯილი. ეს არის ქართული ხატი. ხატი დაიწერა საქართველოში, დაწერა ქართველმა ხატმწერმა, რომელიც არის მაზიარებელი და აღმსარებელი, ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით. ჩვენი სიწმინდეების ასეთი შეურაცხყოფა უნდა დამთავრდეს. ამისთვის საჭიროა თითოეული ჩვენგანის რაღაცნაირი გამამაცებაც, ურთიერთშემოძახებაც, გვერდში დგომაც, ხმის ამაღლებაც“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს და ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისი დაკავება მოითხოვეს, მათ პოლიციის განყოფილებაში შესაბამისი განცხადებაც შეიტანეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები საპატრიარქოსკენ გაემართნენ, საიდანაც მსვლელობას სამების ტაძრისკენ გააგრძელებენ.