ფაქტია, რომ გიორგი კეკელიძეს სწორედ იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას და როცა არ ეთანხმება ამას, თამამად და ღიად გამოხატავს, - ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა ტვ პირველს განუცხადა.
„სამწუხაროდ, არ არის კარგი ინფორმაცია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტეს, ამ ადგილასაც ჰყავდეთ ადამიანი, ვინც არ იქნება გიორგი კეკელიძესავით პრინციპული და არ ექნება თავისი განსხვავებული პოზიცია. ეს ძალიან მარტივად თვთონაც ახსნეს თავისივე ფრაზაში, როდესაც უთხრეს, რომ კარგად მუშაობ, მაგრამ უნდა წახვიდე, რადგან ამდენი წელია ხარ. მაგ ლოგიკით, მასზე დიდხანს თავად არიან და თვითონ უნდა წავიდნენ. ეგ უნდა ეთქვა მაშინ პაპუაშვილს, მოვიდა უკვე ჩემი წასვლის დრო და შენიცო. ფაქტია, რომ გიორგი კეკელიძეს სწორედ იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას და როცა არ ეთანხმება ამას, თამამად და ღიად გამოხატავს და ამბობს", - აცხადებს დათო ტურაშვილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობოდან გიორგი კეკელიძე გაათავისუფლეს. მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.
მანამდე გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა.
„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა“, - წერს გიორგი კეკელიძე.