საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე მედიის დაშვება შეიზღუდება.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, გადაწყვეტილება გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. როგორც აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნავენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. მატრონა მოსკოველის ხატზე ასევე გამოსახულია სტალინი.
საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.