„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ2023 წელს ქართველის ხალხის გამარჯვებამ „ქართულ ოცნებაზე“ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენილიყო.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა.
„2023 წელს ქართველის ხალხის გამარჯვებამ „ქართულ ოცნებაზე“ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენილიყო. ის არსად წასულა, რადგან შეეშინდა „ქართული ოცნების“ იმ ძალიან სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ხალხმა ძალა ირწმუნა. ივანიშვილი ცალსახად მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის, პირადი უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა. როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასეთ პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს 20:00 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს, ოღონდ უკვე ხელისუფლებიდან გავუშვებთ. თვითონ ივანიშვილსაც ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში თუ დაბრუნდებოდა, გამოჩნდებოდა აქტიურ პოლიტიკაში, თორემ თვითონაც დაადასტურა, რომ არსად წასულა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ხალხის გამარჯვებამ და „ქართული ოცნების“ დამარცხებამ, „ქართული ოცნების“ უმძიმესმა ვითარებამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, გამოსულიყო.
„ახლა ოპოზიციაზე რომ არ დარდობს ივანიშვილი, ყველამ ძალიან კარგად იცით. ძალიან სასაცილოა მისი განცხადებები, მაგრამ ვეუბნები, ბიძინა, ნუ გეშინია, მშვიდად და წყნარად გაგიშვებთ ოპოზიციაში და ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ხალხთან ერთად დიდ გამარჯვებას 2024 წელს ვიზეიმებთ. ახლა ხომ არის 1-0, ხომ გამოიყვანეს ერთხელ უკვე რუმბივით გაგორებული ფალავანი. მერწმუნეთ, 2-0 იქნება და საქართველოს საბოლოო გამარჯვება იქნება 2024 წელს. არაფერი შიდა დაპირისპირება მანდ არ არის. მართალია და ვეთანხმები, რომ ბოლომდე გაიხრწნენ ფულის კეთებაში, ეს თვითონაც აღიარა, მაგრამ სწორედ ივანიშვილის ხელდასმით გაიხრწნენ ფულის კეთებაში. 2024 წელი ხალხის გამარჯვების წელი იქნება და ამ ყველაფერს მოვიშორებთ.
ეს არის შიშით ნაკარნახევი სწრაფი ნაბიჯი, რადგან სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელმაც იგემა ერთი გამარჯვება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და ახლა უნდა, საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს 2024 წელს. რესურსი აღარ არის, ივანიშვილი რაღაც გაცვეთილია, უფერულია, ერთი და იგივე ხრიკი რამდენჯერ უნდა გამოიყენოს, მაგრამ კარგია, რომ ახლა ეს ნაბიჯი გადავადგმევინეთ. ყველამ ერთად, პირველ რიგში, ხალხმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, რადგან ამას ინახავდა სექტემბრისთვის. ესეც ზუსტად ვიცოდით. ახლა მოუწია ამის გაკეთება. ესეც ხალხის დაამსახურებაა და მადლობა ვის? ქართველ ხალხს“, – განაცხადა ვაშაძემ.