ქვემო სვანეთში თანამედროვე სტანდარტების სკოლა მომავალი წლის დასაწყისიდან გაიხსნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლენტეხის რაიონში სოფელ ჟახუნდერში 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რომელიც დღეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ დაათვალიერა.
მისი განცხადებით, ახალი სკოლის მშენებლობა სვანეთისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებისა და კლიმატის გათვალისწინებით მიმდინარეობს.
მშენებლობისას მხოლოდ ბუნებრივი ქვა და ხის მასალა იქნება გამოყენებული. ამ ეტაპზე სკოლის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, რაც საძირკვლის სამუშაობს მოიცავს.
სოფელ ჟახუნდერის სკოლა, რომელშიც არაერთი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი აღიზარდა XX საუკუნის დასაწყისში სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. რთული რელიეფის, მეწყერსაშიში მდებარეობის გამო, სკოლის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი სკოლის აშენება.
ჟახუნდერის სკოლის მშენებლობამდე, ასეთივე ტექნოლოგიური გადაწყვეტით, 2010 წელს ახალი სკოლა სოფელ მლეთაში აშენდა. ამავე ტექნოლოგიით, სკოლის მშენებლობა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში დაიწყება.