ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი“ არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. კომპანია ,,ავერსმა“ კონკურენციის სააგენტოს ყველანაირად არგუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებულ ქმედებას. სააგენტომ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა „ავერსის“ არგუმენტირებული მტკიცებულებები.
კომპანია ,,ავერსი“ არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან ,,ავერსს“ არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ავერსი“ აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში“, - წერია ავერსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი“