თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს.
წიქარიძის ინფორმაციით, გაფიცული 17 თანამშრომელი ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, ბადრი მაისურაძის ბრძანებით გათავისუფლდა.
მისივე ცნობით, გაფიცულმა თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 25 დეკემბერს მიმართეს ოპერის ადმინისტრაციას წერილობით, სადაც აღნიშნავდნენ, რომ წყვეტდნენ გაფიცვას და 26 დეკემბრიდან შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას.
"ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. პროცედურის დაცვით, ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა", - აცხადებს წიქარიძე.
გათავისუფლებული თანამშრომლები დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა. იმავე დღეს ოპერამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელფასების 100%-იანი ზრდის რესურსი ოპერას არ აქვს, თუმცა მომავალი წლიდან იგეგმება ბიუჯეტის ზრდა, რაც ხელფასის 35-40%-იან მატებასაც გულისხმობს.