„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ, ჰუმანიტარული მისიით ექიმების ჯგუფთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახლში, მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, გრძელდება დაპირებული ჰუმანიტარული ინიციატივა.
„დაპირებისამებრ, გრძელდება ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა. დღეს, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მომეცა ექიმებთან ერთად მოვსულიყავი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ - ალვანში, მის სახლში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი მასპინძელი სწორედ ჩვენი ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ოჯახია” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.