21 დეკემბერს, 17 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება წლის საანგარიშო ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.
ღონისძიების მთავარი ნაწილი ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების წლის ყველაზე აქტიური მკითხველების, ასევე საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი წვლილისთვის გაერთიანების თანამშრომელთა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოება იქნება.
ასევე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი, წარმოადგენს მოკლე პრეზენტაციას და საზოგადოებას წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გააცნობს.
2023 წელს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის ორ ბიბლიოთეკას. გლდანში მდებარე აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკა ოქტომბერში გაიხსნა და სრული დატვირთვით მუშაობს, ხოლო დიღმის მასივში მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკის გახსნა ახალი წლის დადგომისთანავე იგეგმება.
ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების ფილიალებმა უმასპინძლეს არაერთ საბავშვო თუ მოზრდილი აუდიტორიისთვის განკუთვნილ პროექტს: ლევან ბერძენიშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილისა და დავით გაბუნიას სალექციო კურსს, ასევე დიანა ანფიმიადის საბავშვო „სალამურას კლუბს“, ხოლო ნიუტონის თავისუფალ სკოლასთან თანამშრომლობით კვლავ განხორციელდა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩატარდა „კინოკლუბის“ პრაქტიკულ-თეორიულ ლექციათა სერია მოზარდებისთვის, ვორქშოპები „მანგა ქართულ ლიტერატურაში“, ასევე წიგნის ილუსტრაციის, მინიატიურული წიგნებისა და ანიმაციის მიმართულებით. მოზარდებისთვის განხორციელებულ პროექტებს შორისაა კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი, ასევე კორეული ენის შემსწავლელი კურსები, კორეული კულტურის დღეების მასპინძლობა და სხვა.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მესამედ გაიმართა საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოების ცერემონიალი. ასევე, აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროექტი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდთან თამაშრომლობით ხორციელდება.