გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ.
პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ECO.Georgia ფარგლებში, სატრენინგო მოდული - „ტყის ზედამხედველობის გაძლიერება“ გაიარეს. ტრენინგები პროექტის სამიზნე რეგიონებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე მონაწილეთა პრაქტიკულ სამუშაოებს.
პროექტი ECO.Georgia თანადაფინანსებულია მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.
თანამშრომელთა გადამზადება მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის, ასევე ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების მიზნით.