დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს,რომ საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის ფაქტზე.
„თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთ თვეში ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს, ამჯერად აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი 43 წლის ვიტალი კარბაია გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
6 დეკემბერს აფხაზეთის სოფელ წარჩეში, ვიტალი კარბაია, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, გალის მილიციის განყოფილების სამმა თანამშრომელმა ე.წ. პოლიციური რეიდის დროს ქუჩაში შეაჩერა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, მას ქუჩაში, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, მოსთხოვეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. კარბაიამ დე ფაქტო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბავშვების თვალწინ, ქუჩაში არ სურდა დამამცირებელი ფორმით ნარკოტესტის გავლა, ოჯახს სახლში მიიყვანდა და თავად გამოცხადდებოდა გალის განყოფილებაში. შეპასუხების გამო მილიციელებმა იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრმა სასწრაფო დახმარების მანქანით ვიტალის გალის კლინიკაში გადაყვანა მოახერხა. კლინიკაში მიყვანისას ვიტალი კარბაიას აღენიშნებოდა ჩამტვრეული ნეკნები, ტვინის შერყევა და აღებინებდა სისხლს. მოგვიანებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი კარბაია სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი სიკვდილის თარიღად გაფორმებულია 9 დეკემბერი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გალის მილიციის განყოფილება ცდილობს ვიტალი კარბაიას სასტიკად ცემაში მონაწილე მილიციელებისთვის ხელის დაფარებას და სიკვდილის რეალური მიზეზის დამალვას. საქმეზე ფორმალურად გამოძიებას აწარმოებს იგივე განყოფილება, რომლის თანამშრომლების სასტიკი ცემის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.
თემურ კარბაიას ნათესავების უკიდურესი პროტესტის შემდგომ, დააკავეს გარდაცვლილის სასტიკად ცემაში მონაწილე პირები: გელა ტყებუჩავა, ალიკა ზარაკუა და ვია (ვილლი) ზარაკუა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საქმეზე სამართლის აღსრულებას არ ელის, რადგან გარდაცვლილი ეთნიკურად ქართველია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, გალის მილიციის განყოფილებაში მუშაობენ საქმის გაყალბების რამდენიმე ვერსიაზე: ერთი ვერსიის მიხედვით, გარდაცვლილი წაიქცა, თავი დაარტყა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა; მეორე ვერსიით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევია, მიმდინარეობდა მისი დაკავების ოპერაცია, ვიტალი კარბაიამ კი მილიციას წინააღმდეგობა გაუწია.
ვიტალი კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მედიაში უწყების სახლით გავრცელდა ცნობა, რომ „საოკუპაციო რეჟიმმა დაადასტურა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ არ ადასტურებენ თემურ კარბაიას უკანონო დაკავების მცდელობას; გააქტიურებულია საერთაშორისო ცხელი ხაზი...“
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამძიმარს უცხადებს მოკლული თემურ კარბასიას ოჯახს. სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტი ე.წ. სამართალდამცველთა მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე და ბრალი წაუყენოს გელა ტყებუჩავას, ალიკა ზარაკუას და ვია (ვილლი) ზარაკუას.
საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააქტიურონ ძალისხმევა საერთაშორისო მისიების საშუალებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესასწავლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.