საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს სახელით, არგენტინის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილება.
ირაკლი ქადაგიშვილი მიესალმა პრეზიდენტ ხავიერ მილეის, ვიცე-პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დიანა მონდინოს. ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტს დაუდასტურა საქართველოს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაღმავებასთან დაკავშირებით.
„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ უმაღლეს თანამდებობაზე არჩევას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს დიდ პატივისცემას და სურვილს, რომ გაგრძელდეს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობები, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემგან საქათველოს პარლამენტის, მთავრობისა და ქართველი ხალხის გულწრფელი მილოცვა“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტს.
ხავიერ მილეიმ მადლობა გადაუხადა ირაკლი ქადაგიშვილს ინაუგურაციაზე საქართველოს სახელით მონაწილეობისთვის. ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას არგენტინის კონგრესში, რელიგიათაშორის ცერემონიას ქ. ბუენოს-აირესის საკათედრო ტაძარში და ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თეატრში “Colón”.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინაში გვარამ ხანდამიშვილი.