ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს აუკრძალა დატოვონ ქვეყანა ევროპარალმენტის სახაროვის პრემიის მისაღებად.
მაჰსას დედას, მამას და ძმას თეირანის აეროპორტში პასპორტები ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალებათ.
მათ თანმხლებ ადვოკატს, სალეჰ ნექბაჰთს კი გამგზავრების უფლება მისცეს.
ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია გადასცა ჯინა მაჰსა ამინის და ირანულ ქალთა მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
ქურთი ირანელი 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის სექტემბერში თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესისთვის დააკავა. დაკავების დროს ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა სლოგანით „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში, ევროპარლამენტში 2023 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.
საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო 1988 წლიდან ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს გადაეცემათ.