რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩავიდა.
ის ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინის შეხვდა. იუწყება „რია ნოვოსტი“.
მასთან შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. პუტინის თქმით, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 67 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
„დღეს, თქვენი პოზიციის წყალობით, ჩვენმა ურთიერთობებმა მიაღწია უპრეცედენტო მაღალ დონეს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ და ჩვენი კოლეგები მუდმივად მუშაობენ ერთმანეთთან. და მართლაც, არაბთა გაერთიანებული საამიროები არის რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი არაბულ სამყაროში,”- აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ასევე ისაუბრა ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობის ზრდაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორშია დაგეგმილი.
მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინმა თავის მხრივ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ამასთან, პუტინმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინი მიიწვია BRICS-ის {ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერთა} სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ყაზანში გაიმართება.