მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის"ერთ-ერთი ლიდერი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ხელისუფლება მასმედიაზე ზეწოლას ახორციელებს. მედიაზე ზეწოლის მაგალითად ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ტელეკომპანია "რიონს" ასახელებს.
ბურჯანაძის განცხადებით, 2 ოქტომბერს მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის" "რიონთან" გააფორმა ხელშეკრულება, რის საფუძველზედაც ტელეკომპანიის ეთერში მოძრაობის მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლი უნდა გასულიყო, თუმცა ბურჯანაძის თქმით, მოგვიანებით, "რიონის" დირექტორმა თამილა ღვინიანიძემ პოზიცია შეიცვალა და ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ღვინიანიძის განმარტებით, რეკლამას ეთერში იმ მიზეზით ვერ გაუშვებდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ მიმდინარეობს.
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია "რიონი" ხელისუფლების, კერძოდ კი უშიშროების სტრუქტურების მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშაა და მათი მოთხოვნით, ხდება ოპოზიციური ძალებისთვის საეთერო დროის დათმობის აკრძალვა. ამის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს რამოდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტიც, როდესაც ჩემი და ზურაბ ნოღაიდელის ეთერში ყოფნის დროს, ტელეკომპანიას ელექტროენერგია გამოურთეს. საგულისხმოა ისიც, რომ უკვე 8-9 თვეა, "რიონის" ეთერში ოპოზიციური ფრთის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული. ვინაიდან ხელისუფლების უმსგავსობა ყოველგვარ ზღვარს გადასცილდა, საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა", - აცხადებს ბურჯანაძე.