უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინა შესაძლოა, ომში დამარცხდეს.
ვაშინგტონში ვიზიტის დროს მან კონგრესს მოუწოდა დაამტკიცოს დამატებითი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. „თუ დახმარება, რომელიც ამჟამად კონგრესში განიხილება, გადაიდება - არ ვგულისხმობ, რომ არ მიიღება, ეს შექმნის დიდ რისკს იმისა, რომ ჩვენ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ. რა თქმა უნდა, ეს სავარაუდოდ შეუძლებელს გახდის ტერიტორიების გათავისუფლებისათვის ბრძოლის გაგრძელებას და ომში დამარცხების დიდ რისკს შექმნის“, - განაცხადა ერმაკმა.
ამასთან, ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ ბიუჯეტის მხარდაჭერაც. "უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მომავალი წლის გეგმის შესასრულებლად. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ რაც შეიძლება მალე, რადგან უკვე გავიდა ორი წელი და ორი წელი დიდი დროა", - ხაზგასმით აღნიშნა მან.