რუსეთის პრეზიდენტმა ვლადომირ პუტინმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ ერთობლივ სისტემურ ღონისძიებებს და მიიღებენ გადაწყვეტილებებს როგორ უპასუხონ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ რუსოფობიისა და დისკრიმინაციულ გამოვლინებებს.
”ის, რასაც ჩვენ ვაწყდებით, რა თქმა უნდა, მოითხოვს ჩვენგან ყურადღებას ამ პროცესების მიმართ, მოითხოვს იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას, სადაც მსგავსი რამ ხდება, ასევე მოითხოვს ჩვენს ყურადღებას იმ ხალხის მიმართ, ვისაც უნდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა გარკვეული სისტემური ღონისძიებები... მოდით, თქვენთან ერთად, ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის მთავრობასთან ერთად, ვიფიქროთ როგორ ვუპასუხოთ იმას, რაც ხდება“, - აღნიშნა პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.
პუტინმა აღნიშნა, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება მიდგომები. „არ მგონია, რომ ბედნიერება მივა მათ სახლებში, ვინც ასეთ პოლიტიკას ატარებს“, - თქვა პუტინმა ქვეყნებზე საუბრისას, სადაც მისი თქმით, ადგილი აქვს არამეგობრულ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ.