უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩაზე განაცხადა, სადაც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა და ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
„ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო გადაადგილების თვალსაზრისით, ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება.
ცხადია, იყო დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, არა მარტო ამ ქუჩაზე, არამედ, ზოგადად, საბურთალოს რაიონში ბევრი პრობლემა შექმნა აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვამ, თუმცა სხვაგვარად შეუძლებელია ამ მასშტაბისა და ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ბენდელიანის განაცხადებით, საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები, ასევე, შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. მისივე თქმით, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებულია გარე განათების ბოძები და, პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.