რუსეთი საშობაოდ სამხედრო გემ "მისტრალს" შეიძენს, _ ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ლა ტრიბუნე" იუწყება.
ინფორმაციის ფრანგული და რუსული წყაროების მიხედვით, დღეს ან ხვალ რუსეთი ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება და ფრანგულ უნივერსალურ სადესანტო ხომალდს, დაახლოებით, 2 მილიარდ ევროდ შეიძენს.
"მისტრალის" შეძენის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფიიონის მოსკოვში ვიზიტი აღმოჩნდა. მან, როგორც ჩანს, გაითვალისწინა რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის, მოსაზრება სამხედრო ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით.
ეს რუსეთის ფედერაცისთვის პირველი მასშტაბული სამხედრო შენაძენია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის "მისტრალის" შეძენა კარგა ხანია სურს.
რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურის ვლადიმერ ვისოცკის განცხადებით, "მისტრალის" კლასის ხომალდის ყოლის შემთხვევაში, რუსეთის საზღვაო ძალებს საშუალება ექნებოდათ უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე აგვისტოს ომის დროს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 26 საათში ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდი "მისტრალი" ამავე დროს ვერტმფრენმზიდიცაა.
სამხედრო გემის რუსეთისთვის მიყიდვის საკითხი პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს შორის დღემდე დავის საგნად რჩება.