ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებულმა 12-მა მძევალმა ღაზის სექტორი დატოვა.
„ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ეგვიპტეში 12 მძევალი გადაიყვანეს. გათავისუფლებული მძევლების კოლონა ამჟამად მოძრაობს ეგვიპტის გავლით ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად შეხვედრის ადგილისკენ ქერემ შალომში. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გათავისუფლებული მძევლების ვინაობას შეხვედრის ადგილზე გადაამოწმებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მძევლების ოჯახებს უახლეს ინფორმაციას აწვდიან“, - აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.
მანამდე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ დღეს საღამოს ღაზაში წითელ ჯვარს 10 ისრაელელი მძევალი გადაეცემოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ცხრა ქალი. გათავისუფლებულთა შორის არის ავსტრიის, ორი არგენტინის და ფილიპინების მოქალაქე. მისივე თქმით, მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 30 პალესტინელი გათავისუფლდება.