მე-2 დღეა ბათუმსა და ქობულეთში მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში 7-ბალიანმა შტორმმა გამოიწვია.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თითქმის მთელს პერიმეტრზე დაზიანებულია ქობულეთში თამარ მეფის სანაპირო და ზღვისპირა ახალი ბულვარის საპლაჟო ინფრასტრუქტურა, ასევე დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ფასადები, სასეირნო ბილიკი, მწვანე ნარგავები და ელექტრ გადამცემი ბოძები.
სტიქიის გამო შეზღუდვებია ენერგო და გაზმომარაგებაში. შტორმმა დააზიანა ბუნებრივი აირის გამტარი მილი და ელექტრო სადენები. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი.
გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლის ყველაზე კრიტიკული მონაკვეთები, სადაც გადაადგილება ქვეითებისთვის და ავტომობილებისთვის შეზღუდული იყო.
ბათუმისა და ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ გამოდარებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.