2023 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა. საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა 1 015 024 ვიზიტორს უმასპინძლა.
გასულ წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% ( 589 841 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
- მარტვილის კანიონს
- პრომეთეს მღვიმეს
- მტირალას ეროვნულ პარკს
- სათაფლიას
- წალკის კანიონს
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მოსაწყობი სამუშაოები, რათა კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა.