„ჰამასს“ და ისრაელს შორის დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში. ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა.
აბუ მარზუკი ამბობს, რომ მძევლების უმეტესობას, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.
„50 მძევლიდან, რომლებიც გათავისუფლდებიან, უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, - თქვა აბუ მარზუკმა კატარის ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ყველა მძევალი ისრაელის მოქალაქე ან ისრაელში მცხოვრები იქნება. მხარეთა შეთანხმებით, პირველ ეტაპზე, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.
როგორც ცნობილია, მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელსა და „ჰამას" შორის შეთანხმება შედგა.
ისრაელში დაკავებული და დაპატიმრებული 300 პალესტინელის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ჰამასი“ 50 მძევალს გაათავისუფლებს.
ჰუმანიტარული პაუზების დროს ღაზაში შეუშვებენ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება და საწვავი გადააქვთ.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ პირველი მძევლები, შესაძლოა, ხუთშაბათს გაათავისუფლონ. ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ჰუმანიტარული პაუზებიც.