პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს.
„ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება დიალოგის პლატფორმების შექმნას და დისკუსიის სივრცის შესაძლებლობას, ამიტომ დღევანდელი შეხვედრაც პასუხობს 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ერთ-ერთს, რათა იყოს სივრცე დიალოგისთვის და ჩვენ, სამოქალაქო პლატფორმის მეშვეობით, გვქონდეს შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და ასევე, მოვისმინოთ მათი ხედვა მათ შორის, ამ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა მათი პოზიტიური წვლილი, კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის მიღებაში.
„ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფმა მიზნად დაისახა საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. ჩვენ, სამოქალაქო პლატფორმის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მივეცით საშუალება, რომ ჩართულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ჯგუფის მუშაობაში, ისევე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის რიგმა წარმომადგენელმა ამ ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადა და ეს ბოლომდე ასე გაგრძელდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგია კანონებში ასახული და ბევრი საკითხი დადებითად გადაწყვეტილი, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
„როდესაც ევროკომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, მათ შორის, მხედველობაში მიიღო სასამართლოსთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ მიმართულებით. ამიტომ საუბარი თითქოს არაფერი გაკეთებულა და იმ შრომის დაკნინება, რაც იქნა გაწეული, ვფიქრობ, უადგილოა. მოლოდინი მქონდა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მიდგომებს წარმოაჩენდით, თუმცა ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის მაგალითი გამომსვლელების მხრიდან დღეს არ დასახელებულა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, 2017-2018 წლებში გატარდა სისტემური რეფორმა და კონსტიტუციაში აისახა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები.
„მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელი ჩამოყალიბდა სისტემურად, გააზრებულად და ეს მოდელი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ვენეციის კომისიის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს მოდელი უმთავრესად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში და ეს მისთვის არის ფართოდ მისაღები. ამიტომ მოდელი სისტემური ხედვით გადაისინჯა და მოდელი შემოღებულია, რაზეც ვენეციის კომისიის დასკვნა დევს. შესაბამისად, სისტემური რეფორმა განხორციელდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.