ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ გატაცებული გემი Galaxy Leader-ი ისრაელს არ ეკუთვნის. მათივე განცხადებით, ხომალდის გატაცება გლობალური მასშტაბის სერიოზული ინციდენტია.
მანამდე არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენელმა ჰუსიტებმა, გაიტაცეს სავაჭრო გემი Galaxy Leader-ი, რომელიც სავარაუდოდ ისრაელს ეკუთვნოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გემი თურქეთიდან ინდოეთში მიემგზავრებოდა საერთაშორისო სამოქალაქო ეკიპაჟით და ბორტზე ისრაელელები არ იმყოფებოდნენ.
"ეს არ არის ისრაელის გემი", - აღნიშნავენ ისრაელის თავდაცის ძალებში.
ხომალდი ბაჰამის დროშის ქვეშ მიცურავდა და ბრიტანულ კომპანიაზეა რეგისტრირებული, რომლის წილი ისრაელელ ბიზნესმენს, აბრაამ უნგარს ეკუთვნის.
მედიის ცნობით, გატაცების დროს ხომალდი იაპონურ კომპანიას ჰქონდა იჯარით აღებული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაგმო გემის გატაცება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ისრაელს არ ეკუთვნოდა. „ეს არის ირანული ტერორიზმის კიდევ ერთი აქტი, რომელიც წარმოადგენს ირანის აგრესიის ზრდას თავისუფალი სამყაროს მოქალაქეების წინააღმდეგ,- ნათქვამია განცხადებაში.
არაბული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფება. მათ შორის არიან უკრაინის, ბულგარეთის, ფილიპინების და მექსიკის მოქალაქეები.