ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი და მიზნობრივი ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ალ-შიფას საავადმყოფოში გრძელდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწოდებულმა ინკუბატორებმა, ჩვილების საკვებმა და მედიკამენტებმა საავადმყოფომდე წარმატებულად მიაღწია. ჩვენი მედიკოსთა ჯგუფი და არაბულენოვანი სამხედროები ადგილზე არიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მარაგებმა იმ პირებამდე მიაღწიოს, ვისაც ისინი ესაჭიროება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
საავადმყოფოში ათობით ბავშვია, რომლებიც ინკუბატორებიდან შაბათ-კვირას გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ელექტროენერგია გაეთიშა.
BBC-ის ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფოს არ აქვს ინკუბატორების მუშაობისთვის საჭირო ელექტროენერგია, ვინაიდან საწვავის მარაგი ამოეწურა. როგორც ორგანიზაცია „პალესტინელების სამედიცინო დახმარების“ წარმომადგენლები აცხადებენ, საავადმყოფოს არა ინკუბატორები, არამედ საწვავი სჭირდება გენერატორების ასამუშავებლად.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდნენ. ისრაელის არმიის ცნობით, ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს.
სამხედროები აცხადებენ, რომ მიმდინარე ოპერაციის დროს ჯარებს, პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხება არ ჰქონიათ.
მათივე ცნობით, საავადმყოფოს გარეთ სროლის დროს, ისრაელელემა ჯარისკაცებმა „ჰამასის“, შეიარაღებული წევრები მოკლეს.
ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.