მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" კობა სუბელიანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"მინისტრის განცხადება, როგორც ხშირ შემთხვევაში, ამჯერადაც სრული სიცრუეა. გვსურს საჯაროდ ვკითხოთ ბატონ მინისტრს: თუ სამინისტრომ ერთი და იგივე პირებზე კომპენსაციები მართლა რამდეჯერმე გასცა, ეს რატომ გააკეთა და მეორეც - ვთხოვთ, გამოაქვეყნოს იმ დევნილების სია, რომელთაც არაერთხელ აქვთ აღებული კომპენსაცია. შესაძლოა დევნილთა საზოგადოებამ მათში თავად სუბელიანის ან სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ნათესავები ამოიცნოს", - ნათქვამია მოძრაობის აფხაზეთის ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ კახა კუკავას მოძრაობა სუბელიანს იმ ობიექტების სიასაც უგზავნის, რომელ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებსაც "არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ".
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ დევნილთა აქციებში მონაწილეთა უმრავლესობას მისი უწყებისგან ფულადი კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს და ზოგიერთ მათგანს რამდეჯერმეც.