მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების საკითხები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს.
საბჭო USDA-ის მხარდაჭერით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და სამინისტროში შემავალ უწყებებს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამსახურს, სამეცნიერო და კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კაკაბაძემ ყურადღება დარგის განვითარების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობაში მცენარეთა დაცვის სისტემების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს; მონაწილე მხარეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული აქტივობები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გამოწვევები და დაგეგმილი სიახლეები, საბაჟო პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის განახლებული წესები და რეგულაციები განიხილეს. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა საქმიანობისა და DCFTA-ს ფარგლებში მცენარეთა დაცვის მიმართულებით შემუშავებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეგულაციების შესახებ ანგარიშები წარადგინეს.