აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, აფხაზეთში ბოლო დროს არსებულ ვითარება შეაჯამა, მათ შორის რუსი ოკუპანტების მხრიდან გალის რაიონის სოფელ თაგილონში, მასწავლებლების ცემის ფაქტსაც შეეხო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუამდგომლობისაკენ მოუწოდა.
"ის ფაქტი, რომ ქართველ პედაგოგებს სკოლებში აღმოჩენილი ქართული სახელმძღავნელოების გამო ფიზიკურად უსწორდებიან, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, ვინაიდან ქართველი მოსახლეობისადმი ძალადობის ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურ ხაიათს იღებს", - აღნიშნა მან.
ბარამია ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსეთი ამ არჩევნებით საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის "დამოუკიდებლობის მანტიით" შემოსვას ცდილობს.
მისი თქმით, წინასაარჩევნო ვითარება კონფლიქტურ რეგიონში საკმაოდ გაურკვეველია. "ბაღაფშისა და ხაჯიმბას სახით, რუსეთს უკვე ჰყავს ორი ფავორიტი, რომლებიც კრემლის სრული მხარდაჭერით სარგებლობენ. რუსეთი საბოლოო არჩევანს იმ კანდიდატზე გააკეთებს, ვინც კრემლის პოზიციას უფრო მეტად გაიზიარებს", - აღნიშნავს ბარამია.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზური ეთნოსის გადაშენების საშიშროებაზედაც საუბრობს და დასძენს, რომ აფხაზი ხალხი უკვე ხედავს რუსეთის პოლიტიკის რეალურ საფრთხეებს და მოსალოდნელ შედეგებს.
"ბოლო ერთვი თვის განმავლობაში აფხაზები ენგურს გამოღმა გადმოდიან და თანადგომას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ. ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათგანს დახმარების ხელი გავუწოდოთ, რადგან მოძმე ხალხის ბედი და მომავალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთში წინასაარჩევნოდ რუსი ჟურნალისტების ფართო სპექტრის ჩაყვანის ფაქტიც დაასახელა, რომლის მიზანიც, საჭიროების შემთხვევაში, ანტიქართული პროპაგანდის გატარებასა და საქართველოს აგრესორ ქვეყანად წარმოჩენაა.
"სეპარატისტული მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ე. წ. არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების დემონტაჟი იგეგმება, რათა აფხაზეთის საზოგადოება სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცეს და მხოლოდ ადგილობრივი და რუსული მედიის ინფორმაციებზე იყოს ორიენტირებული", - განაცხადა ბარამიამ.
ბარამიამ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს მოუწოდა, ნუ გაცვლიან აფხაზი ხალხის ინტერესებს პირად ამბიციებზე და რელაურად შეაფასონ ის საშიშროება, რაც აფხაზურ ეთნოსს ემუქრება.