ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედროებმა რეიდი განახორციელეს ღაზის ქალაქ რანტისის ჰოსპიტალში.
როგორც მან ჟურნალსიტებს უთხრა, ღაზის სექტორის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი აღმოაჩინეს. თავდაცვის ძალებში ვარაუდობენ, რომ მძევლებიც იქ იმყოფებოდნენ.
დანიელ ჰაგარიმ მედიას წარუდგინა ვიდეო, სადაც ჩანს საავადმყოფოს ქვეშ სარდაფში ”ჰამასის“ აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, თვითმკვლელების ჟილეტები და მოტოციკლი, რომელიც გამოიყენებოდა 7 ოქტომბრის თავდასხმებისას.
მისი თქმით, ისრაელის არმიამ ასევე იპოვა ბავშვის კვებისთვის განკუთვნილი ბოთლები, აღმოაჩინა საპირფარეშო და პატარა სამზარეულო სარდაფში, რაც, მისი თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ ჰამასს იქ მძევლები ჰყავდა.
"ეს არის ომის დანაშაული... ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", - თქვა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა.
დანიელ ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ ის თავად იმყოფებოდა ღაზის სექტორში, რანტისის ბავშვთა საავადმყოფოში და გადაიღო ვიდეო. მისი განცხადებით, ეს არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ომის იარაღად იყენებს.
მისი თქმით, საავადმყოფოს სარდაფში ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, სადაც იპოვეს თვითმკვლელების ჟილეტები, ყუმბარები, AK-47-ის ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, ასევე კომპიუტერები და ფული.
ჰაგარიმ აჩვენა გვირაბის შესასვლელის ვიდეო, რომელიც იყო სკოლისა და საავადმყოფოს მახლობლად, ელექტროპანელით, რომელიც, მისი თქმით, აკავშირებდა მზის პანელებს გვირაბში გამავალ სადენებთან.
ვიდეოკადრებში ჩანს ღრმა გვირაბი კიბით. ”ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორისტების გვირაბი”, - განუცხადა ჰაგარიმ ჟურნალისტებს.
ამასთან, ჰაგარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არის არა ღაზის მოსახლეობის, არამედ „ჰამასის“ წინააღდეგ.
„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ წინააღმდეგ და არა ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით არ არის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენი ომი არის „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც მათ ადამიანთა ფარად იყენებს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.
„ჰამასი“ გამუდმებით უარყოფს, რომ მებრძოლებს და მძევლებს საავადმყოფოების ქვეშ მალავს.