ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლურ მედიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ ეხება მხოლოდ პუბლიკაციებს. იქ დასავლეთის ლიდერები თავს საკმაოდ თავხედური გამონათქვამების უფლებას აძლევენ... ევროკავშირი არ მალავს განზრახვას გამოგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს მას არ გამოუვა“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში ისტორიულად იმყოფება და იქიდან არსად გაქრება. მისივე თქმით, მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა „ეს მშვენივრად იციან“.
ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ქასიმ ჟომართ თოყაევს. "რია ნოვოსტი" წერს, რომ აღნიშნული ვიზიტის კომენტირებისას, დასავლეთის მედიამ, კერძოდ Bloomberg-მა და Politico-მ ყაზახეთს რუსეთის უკანა ეზო უწოდეს.