საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ.
მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იუსტიციის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იქნება.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ და თურქეთის იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტმა მუჰითინ ოზდემირმა.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ჟვანია თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰასან ილმაზსაც შეხვდა. მხარეები სასწავლო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ.
ასევე, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თურქეთის პენიტენციური და პრობაციის დაწესებულებებისა და საპატიმროების თანამშრომელთა სასწავლო ცენტრის დირექტორთან, თურქეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პირველ მოადგილესთან, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურ მდივანთან, თურქეთში საქართველოს ელჩთან. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.