საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის ვატიკანში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმით, ქართველ მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და მეცნიერებს ვატიკანის ბიბლიოთეკის ფონდებსა და საცავებში,
მიეცემათ კვოტირების გარეშე კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლება.
ვატიკანში დაცულია მასალები მე-15 საუკუნიდან დღემდე. საქართველოს ისტორიის სიახლეებთან დაკავშირებით კვლევების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტები გაციფრულდება და საქართველოს საჩუქრად გადმოეცემა.
განიხილება ორიგინალების საგამოფენოდ საქართველოში ჩამოტანის და საჯაროდ გამოფენის შესაძლებლობაც.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი წმინდა საყდარში მ/წ მაისში, რა დროსაც დაიწყო მოლაპარაკებები ორ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობაზე.
შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრას ვატიკანში ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს მემორანდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა და შესაძლებელს გახდის მოძიებულ და აღმოჩენილ იქნას ინფორმაცია საქართველოს ისტორიის უცნობ ეპიზოდებზე. გივი მიქანაძის თქმით, სიმბოლურია, რომ ხელმოწერა დაემთხვა მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნას.
მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეროვნული ბიბკიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის მხრიდან, ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტმა მონსინიორ მაურო მანტოვანიმ მოაწერეს.
ღონისძიებას წმინდა საყდარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი-მუხრანბატონი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი ესწრებოდნენ.