საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობისა და ევროპის ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, მარეგულირებელ კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს მიღებული, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებულ ვალდებულებას.
„სემეკი დღესაც აქტიურად მუშაობს ნორმატიული აქტების მიმართულებით, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესება და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. სემეკის მიერ მომზადებულია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ფუნდამენტურად მყარი სამართლებრივი ჩარჩო, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა მონაწილეების მზადყოფნის მაჩვენებლები. სემეკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში სემეკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი, ბაზარზე მანიპულირებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა, რა მიმართულებითაც შესაბამისი წესები უკვე შემუშავდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკოლოზ ოყრეშიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.