რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 და 2023 წლებში სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებული სულ მცირე 17 ადამიანი შეიწყალა, რომლებმაც გათავისუფლების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი რუსეთში დაბრუნებულებმა, დანაშაულები ისევ ჩაიდინეს. ამის შესახებ გამოცემა „აგენტსტვო“ იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო კემეროვოს მკვიდრის ვლადისლავ კანიუსის საქმე, რომელმაც სასტიკად მოკლა ყოფილი პარტნიორი ვერა ფეხთელევა. მკვლელმა მას სხეულზე ასზე მეტი დაზიანება მიაყენა. იმ დროს, როდესაც კაცი გოგონას კლავდა, მეზობლებს ყვირილის ხმა ესმოდათ, მათ რამდენჯერმე დარეკეს პოლიციაში, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე არ მივიდნენ. პილიციელებმა გულგრილობისთვის პირობითი სასჯელი მიიღეს, მკვლელი კი, რომელსაც 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, შეწყალების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში თავისუფალი დაბრუნდა.
მკვლელობისთვის გასამართლებულ სხვა პირებს შორის, პუტინმა ასევე შეიწყალა პერმის მკვიდრი არტიომ ბუჩინი, რომელმაც გააუპატიურა და მოკლა 23 წლის ტატიანა რეკუტინა; არხანგელსკის ოლქის მცხოვრები ვიაჩესლავ სამოილოვი, რომელმაც მოკლა 33 წლის ოლგა შლიამინა და მისი ცხედარი დანით დაანაწევრა; პერმის მხარის მცხოვრები დმიტრი ზელენსკი - მან თავისი 27 წლის მეგობარი გოგო ტატიანა მელეხინა დაახრჩო და მისი ცხედარი ხორცსაკებ მანქანაში გაატარა; ობნინსკის მცხოვრები ვლადისლავ კორობეინიკოვი, რომელმაც ძმასთან ერთად სასტიკად სცემა 19 წლის მარია ნეჩეტნაიას, კაცმა გოგონას თავში ბეისბოლის ჯოხით 60 დარტყმა მიაყენა.
ზოგიერთმა უკრიანიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩაიდინა დანაშუალი. ერთ-ერთმა მათგანმა - ივან როსომახინმა კიროვის ოლქიდან, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მკვლელობისა და ძარცვისთვის, ომიდან დაბრუნების შემდეგ 85 წლის თანასოფლელი ქალი დაჩეხა. გამოცემა „აგენტსტვოს“ მონაცემებით, პუტინის მიერ შეწყალებულმა პირებმა, ომიდან დაბრუნების შემდეგ სულ მცირე 20 დანაშაული ჩაიდინეს, რის შედეგადაც 27-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რეალურად მკვლელები, რომლებიც უკრაინის ოში მონაწილეობისათვის შეიწყალეს, გაცილებით მეტნი არიან. ბევრი მათგანი ფრონტზე იღუპება, სხვების საქმეები კი ნაკლებად რეზონანსულია. ამასთან, „აგენტსტვო“ წერს, რომ მსჯავრდებულები შეწყალებას პუტინის გასაიდუმლოებული განკარგულების შედეგად იღებენ.