გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს, საკარმიდამო ეზოში არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა განთავსებული. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 7 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 9,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოქალაქეს მოწყობილი ხონის მუნიციპალიტეტშიც. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლისა და კოპიტის (იფანი) სახეობის, ჯამში 1,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.