სტუდენტებში ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ევექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რეტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ევექსის დირექტორმა გიორგი გორდაძემ მოაწერეს.
პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი ქსელი ევექსი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებს განსაკუთრებულ პირობებს, 100%-მდე დაფინანსებულ მომსახურებას და სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პერიოდული გამოკვლევების კულტურის ჩამოყალიბებასა და მომავალში მათი ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებას.
,,სტუდენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანდაცვის კუთხით მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის კომპანიებთან. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტუდენტების ინფორმირებას და მათი ჯანმრთელობის დროულ მონიტორინგს”- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
თანამშრომლობის ფარგლებში, თითოეულ სტუდენტს საშუალება ექნება საქართველოს ბანკისა და ევექსის ჯანდაცვის სტუდენტურ პროგრამას შეუერთდეს და მიიღოს დამატებითი ფასდაკლება ევექსში სამედიცინო სერვისებზე.
,,მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ შესაძლებლობა მოგვცა სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად მივაწვდინოთ ხმა და ვესაუბროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ევექსისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა, როცა საქმე ახალ თაობას ეხება, ნამდვილად მზად ვართ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ხელი შევუწყოთ იმ კულტურის ჩამოყალიბებას, რასაც ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი ჰქვია“ - განაცხადა ევექსის დირექტორმა გიორგი გორდაძემ,