მეჩაიეობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე, ქ. ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჩაის წარმოებით დაინტერესებული პირები სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ დეტალებს, ენერგოდამზოგავ სამანქანო ტექნოლოგიებს და მეჩაიეობის დარგის ახალ ტექნოლოგიებს გაეცნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიოჩაის წარმოების პერსპექტივებზე, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის აუცილებლობაზე, დარგში კოოპერაციისა და სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების საკითხებზე
„ჩაის სექტორის აღორძინება ჩვენი უწყების პრიორიტეტია. ქართული ჩაი განსხვავდება ხარისხობრივი მაჩვენებლებით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებაზე ვიმუშაოთ. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის შემუშავდა როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე ფერმერთა ხელშემწყობი პროგრამები. სახელმწიფო ფერმერების აქტიური ჩართულობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ ერთობლივად უნდა შევძლოთ დარგის განვითარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა, ომარ კაჭარავამ.
მეჩაიეებთან შეხვედრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის „საქართველოს ჩაი“ ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობას ჩაის კომპანიის წარმომადგენლები, ფერმერები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იღებდნენ.