ბათუმს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი შეემატება.
ბათუმსა და ვერონას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად რამდენიმე თვეში ბათუმში გაფორმდება.
იტალიის ისტორიულ ქალაქ ვერონასთან მეგობრობის წინასწარ შეთანხმებას 17 დეკემბერს ვერონაში ბათუმის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. ბათუმის წარმომადგენლობით დელეგაციას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ხელმძღვანელობდა.
ორ ქალაქს შორის უკვე განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები და იგი ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს. ოფიციალური ვიზიტისას შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც გაიმართა.
ქართულმა მხარემ მასპინძლებს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და ბათუმში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესი გააცნო. შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რამაც ეკონომიკის განვითარებას მისცა ბიძგი.
მასპინძელი მხარის განმარტებით ბათუმი იმ სამი ქალაქიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რომელთანაც ვერონის მუნიციპალიტეტმა დამეგობრების სურვილი გამოთქვა, თუმცა, იტალიის ამ უძველეს ქალაქს წლის განმავლობაში მსგავსი ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე ქალაქმა მიმართა.
ბათუმისა და ვერონის დამეგობრება იტალიაში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერით შედგა.