იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარე გახდა. მათივე ცნობით, EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს.
„იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება, საქართველოს EPTA-ს 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ, ქ. ტალინში გამართულ EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღეს.
EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.
EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.