სუს-მა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურების მოვალეობა იყო, შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას მოაშოროს კონკურენტები. როდესაც ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ ადამიანების ყურადღება გადავიდეს არა საქმეების კეთებაზე, არამედ იმაზე, რა ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს. ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუს-მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ამ არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამაში მიიღებენ პრემიებს. მოგეხსენებათ, ახალი ბიუჯეტით, სუს-ის დაფინანსება იზრდება და საჭიროა ახალ-ახალი საქმეების გამოგონება. როგორც წესი, უშიშროების სამსახურებისთვის ახალ-ახალი საქმეები არის ახალ-ახალი მტრების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ეს მტრები არ არსებობენ, ყველა ვარიანტში ამოცანა ფრიადზე გაქვს შესრულებული. მჯერა ჩემი კოლეგების, ოპოზიციონერების, რომ ისინი არანაირი რევოლუციის მომწყობები არ არიან. ეს არც არასდროს უფიქრიათ. რევოლუციონერობანას თამაშით, სინამდვილეში, ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს რამის გამკეთებლები არიან და მათ არ უშვებენ ქუჩაში ხელისუფლების გადასაყენებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.