შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა. წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები. სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები სარწყავი სეზონის დასრულებისთანავე გაგრძლედება.
პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, 6 სოფლის (თამარისი, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, დიოკნისი, წერეთელი, ალგეთი) 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2,3 მლნ ლარია.
სარწყავ არხზე ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 65,2 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. შედეგად, 31,870 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად ირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 24 800 ჰექტარზე გაუმჯობესდა.