საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან კურტულმუშს შეხვდა.
მან, თურქ კოლეგას თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. ნუმან კურტულმუშთან, შალვა პაპუაშვილმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივაზეც ისაუბრა, - „ვისაუბრეთ ორ პარლამენტს შორის კავშირებზე და შევთანხმდით თავმჯდომარეების, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს; განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.