29 სექტემბერს, 19 საათზე, ვაკის მედიათეკაში, „ქლაიმათ ბეიზიქსი“ და Collective Failure წარმოგიდგენთ გამოფენას „უჩინართა მიწები“ (The Landscapes of the Invisible), რომელიც თანამედროვე ხელოვნების ენით საუბრობს გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების უსამართლობებზე საქართველოში და წარმოადგენს კლიმატის ცვლილების საზოგადოებრივ დისკუსიებში აქტიურად შემოტანის ერთ-ერთ მცდელობას.
ჯგუფური გამოფენა „უჩინართა მიწები“ კლიმატის ცვლილებასთან მარტო დარჩენილი მოწყვლადი ჯგუფების ადამიანურ პერსპექტივებს აჩვენებს, ასევე ყურადღებას ამახვილებს გარემოსდაცვით კრიზისებზე და მათ კავშირებზე კლიმატის ცვლილებასთან. ნამუშევრები საუბრობენ მონოინდუსტრიული ქალაქების ყოფასა და გარემოსდაცვით პრობლემებზე, მყინვარის დნობაზე, შავი ზღვის ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ძალაუფლების იმ შრეებზე, რომელიც ბუნებრივ რესურსებს მცირე ჯგუფების ხელში აქცევს.
გამოფენაში მონაწილეობენ: დავით კუხალაშვილი, ნათია საპანაძე, ფილო გრეჩულევიჩი, სალომეა ბაუერი, თუთა ჩხეიძე, Wer Michelle, Nina’s Art, ნიკა მუსერიძე, გიორგი ქავთარაძე. კურატორი: Collective Failure
გამოფენის ფარგლებში, 30 სექტემბერს, 15 საათიდან, გაიმართება დისკუსია „კლიმატის კრიზისი: გამოსავლის ძიებაში“ გარემოს დამცველებთან, კლიმატის სპეციალისტებთან, აქტივისტებთან და ხელოვანებთან ერთად. დისკუსია მიეძღვნება საქართველოს მზაობას კლიმატის კრიზისთან გამკლავებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების საზოგადოებრივ დისკუსიებში შეტანის გზებსა და შესაძლებლობებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული პროექტი „EU4Climate“ და „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები“.
გამოფენა გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე.