თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან სტუდენტები, თანამშრომლები, მუსიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიამ საარჩევნო პროცესი შეწყვიტა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს არის სამინისტროს მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და უმაღლესი სასწავლებლის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.
სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.
რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული, მას კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა. საბჭო 7 წევრისგან შედგება, კონსერვატორიის წარმომადგენლები მანამდეც ითხოვდნენ რეფორმებს და საბჭოს წევრების გაზრდას.