"ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, "ბადრი ბიწაძის საქციელი მამაკაცურ შურისძიებას არ წარმოადგენს".
"რაც მე წავიკითხე, ის არ არის მამაკაცური შურისძიება, ის სიბინძურე და ჭუჭყია. დღეს ჩემს წარმოდგენაში დაირღვა ზღვარი - უკადრებელსა და საკადრებელს შორის, ამიტომაც არ შემიძლია ჩემს ტრადიციებს არ ვუღალატო. უნდა ვუღალატო და ვთქვა, რომ ეს არ არის მამაკაცური და გნებავთ დედაკაცური საქციელი. ეს პატარა კაცის საქციელია და ასეთი პატარა კაცობა, არასდროს მინახავს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ეთერში, ბიწაძის სკანდალურ განცხადებებზე კომენტირებისას.
ამასთან, გაჩეჩილაძე ბიწაძის განცხადების იმ ნაწილსაც ეხმაურება, სადაც საქართველოს სასაზღვრო უწყების ყოფილი შეფი ამტკიცებს, რომ "სახალხო კრებაში" გაწევრიანების სანაცვლოდ გაჩეჩილაძე იქ "ქურდად დაჯდომას" ითხოვდა და განმარტავს, რომ შესაბამის შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებსა და როგორც ადამიანურ, ისე მატერიალურ რესურსებს შეეხებოდა.
"ჩემი სახლის სარდაფში შეხვედრა მართლაც შედგა, მაგრამ მასზე იმ პრობლემებზე იყო საუბარი, რაც ოპოზიციაში არსებობდა, იმაზე, რომ რადგან ხელისუფლების ჩამოსაგდებად ბოლო ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, ის სწორად გათვლილი და სწორად დაბიუჯეტებული უნდა ყოფილიყო. ვისაუბრეთ იმ რესურსზე, როგორც ადამიანურ ისე მატერიალურზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა", - განმარტავს გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" სკანდალური ინფორმაციის წყაროდ ბადრი ბიწაძე დაასახელა და გაზეთის გუშინდელ ნომერში მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილისგან რამდენიმე მილიონ ლარს ითხოვდა.