თურმე შეიძლება ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერაფერს ხედავდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაოbის" წევრმა ბაჩო დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაჩო დოლიძის თქმით, „ერთ წელიწადში ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, ან გადავარჩენთ ქვეყანას ან წრეზე ვივლით“.
"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასოდეს ვეგუებოდი უსამართლობას და არ შევეგუები ამ უსამართლობას. ის, რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი. ის, რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან, უარეს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია. თურმე ასე შეიძლება, რომ 60 ადამიანი ბავშვების, საკუთარი ოჯახის თვალწინ ასე დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და ამ დროს პოლიცია ვერაფერს ხედავდე. თუ კითხვა გაგიჩნდება, შენ დამნაშავე ხარ. ჩვენი მთავარი ამოცანაა არცერთ მსგავს სისაძაგლეზე თვალი არ დავხუჭოთ და მოვახდინოთ რეაგირება. ერთ წელიწადში ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, ან გადავარჩენთ ქვეყანას ან წრეზე ვივლით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციაზე გვქონდეს მყისიერი რეაგირება", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.