ეს უფრო მეტად მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს გვაზარალებს,- ამის შესახებ ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ „რუსთავი2“-ს განუცხადა გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისი თქმით, პირები, რომლებსაც ირაკლი ეძგვერაძე თავდამსხმელებად ასახელებს, მისივე ბავშვობის მეგობრები არიან.
„პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მას [ეძგვერაძეს]. ვნახე მისი ჩანაწერი და ის რა სახელებსა და გვარებსაც ასახელებს მასზე სავარაუდო თავდამსხმელებად, ეს ადამიანები არიან მისი ბავშვობის მეგობრები, მისი მეჯვარეები, თვითონ არის მეჯვარე უფრო სწორად, ნათელმირონობა აკავშირებს.
ვინმესთან თუ მას რაღაცა თავისი პირადი კონფლიქტი ჰქონია ადრე და ახლა მოხდა ეს ფაქტი და დაემთხვა ამ ყველაფერს, ერთი მიზეზი მაინც ხომ უნდა არსებობდეს, რომ ჩემს სახელს უკავშირდებოდეს რაიმე კუთხით მაინც. ეს ფაქტი ხომ უფრო მეტად აზარალებს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და პირადად მე მაზარალებს. აი, რატომ უნდა მომნდომებოდა, სულ რომ თავი დავანებოთ იმას, რომ კრიმინალთან არანაირი კავშირი არ მაქვს, რატომ უნდა მომნდომებოდა, რომ ადამიანი, რომელიც არის ჩემი კოლეგა და რომელიც არის პოლიტიკოსი, ეს ადამიანები ვინმეს დამევალებინა, რომ გაელახათ და იმ ადამიანებისთვის დამევალებინა, რომ თქვენ ახლა წახვალთ ციხეში. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიგიჟეა და რამხელა იდიოტური სცენარია, რასაც ესენი ფუთავენ“, - განაცხადა ზარნაძე.